четверг, 5 января 2017 г.

საიდუმლო დეტალები ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებიდან დიდი მხედართმთავარი, ალექსანდრე მაკედონელი ისტორიაში ისტორიაში ჯადოსნის სახელითაც შევიდა. საიდუმლო ცოდნა მას მამამ გადასცა.ცნობილია რომ ალექსანდრეს მამა იყო ფილიპე II, მეტსახელად ბარბაროსი, მაგრამ ალექსანდრეს თანამედროვეებს ამის თაობაზე სხვა მოსაზრება ჰქონდათ. დიდი მხედართმთავრის დედას – ოლიმპიადასაც თავისი კანონიერი მეუღლისთვის არასდროს უწოდებია ალექსანდრეს მშობელი. ამბობდა, შვილი ღვთისგან ჩამესახაო. ის გულისხმობდა საყვარელ მამაკაცს, ფარაონ ნეხტანებო II-ს რომელიც, როგორც ყველა ფარაონი, ეგვიპტეში ცოცხალ ღმერთად ითვლებოდა. ფილიპე მამაცი კი იყო მაგრამ, შეუხედავი: კოჭლი, ცალთვალა, ნამდვილი ველური, ამიტომაც უწოდეს ბარბაროსი. იგი მუდმივად ლაშქრად იყო და რა გასაკვირია, მარტო დარჩენილმა უმშვენიერესმა ქალმა საყვარელი რომ გაიჩინა. არავინ იცის სად და როდის გაიცნეს ერთმანეთი საბერძნეთის დედოფალმა და ეგვიპტის მმართველმა, მაგრამ ცნობილია ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ისინი დააახლოვა – ორივე ჩინებულად ფლობდა მაგიას.ნეხტანებო დიდი ასტროლოგი იყო. შეეძლო ჰოროსკოპების შედგენა, ბედის წინასწარმეტყველება და ბრძოლებიდან ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა. დროდადრო ეგვიპტელი ექიმის სამოსგადაცმული ჩადიოდა მაკედონიის დედაქალაქ პელაში, სადაც ოლიმპიადას ხვდებოდა. ერთხელ მან საყვარელ ქალს ჰოროსკოპი შეუდგინა და უწინასწარმეტყველა, – ღმერთის ნებით, დიდი ადამიანის დედა გახდებიო. ოლიმპიადას მშობიარობის წინა დღეს ფარაონი ისევ ჩავიდა პელაში და სასახლეში შეიპარა. ქალი ძალიან ნერვიულობდა, მძიმე ფეხმძიმობა ჰქონდა, თანაც ქმარი ეჭვიანობით გულს უწყალებდა- ფილიპეს არ სჯეროდა, რომ ბავსვი მისი შვილი იყო. მალე დედოფალმა ულამაზესი, ჯანმრთელი ბიჭი შვა. ქალი თავად ფარაონმა ამშობიარა და დაღვრემილმა მიულოცა დედოფალს დედობა. ოლიმპიადამ ჰკითხა, – ჩვენი ვაჟის დაბადება რატომ არ გიხარიაო. ფარაონმა უპასუხა,- ბიჭი განსაზღვრულ დროზე ოდნავ ადრე დაიბადა, ბრწყინვალე ცხოვრება კი ექნება მაგრამ ხანმოკლეო.მეორე დღეს ფილიპემ ბავშვის შვილად აღიარებაზე ცივი უარი თქვა. სასოწარკვეთილ ოლიმპიადას ფარაონი ყველაფრის მოგვარებას დაჰპირდა.ღამით მაკედონიის მეფეს სიზმარში შავარდენმა უთხრა: – შენი ვაჟი თავად ეგვიპტის ღმერთ, ამონრასგან ჩაისახაო. არავინ იცის ფილიპემ ეს ირწმუნა თუ არა, მაგრამ ალექსანდრე სასწრაფოდ თავის შვილად გამოაცხადა.ალექსანდრეს დაბადების შემდეგ, ოლიმპიადასა და ნეხტანებოს შორის მიმოწერა გრძელდებოდა.ეგვიპტეს მძიმე ხანა დაუდგა – ფარაონს ჯერ ტახტის მოსურნე ნათესავი აუჯანყდა, მერე სპარსელები შემოესივნენ, უღალატა უახლოესმა მეგობარმა და მხედართმთავარმა, რომელიც მტრის მხარეზე გადავიდა…. მიუხედავად თავს დატეხილი უბედურებისა, ეგვიპტე ყვაოდა, ფარაონი კი ყველა ბრძოლაში იმარჯვებდა. ფარაონის ფენომენალური წარმატების საიდუმლო, ერთ ბნელ ოთახში დამალულ ყუთში ინახებოდა. როცა მას ან ქვეყანას საშიშროება ემუქრებოდა, ხსნიდა ყუთს და იქიდან სანთლის თოჯინები ამოჰქონდა. თუ საშიშროება ზღვიდან ელოდა, ფარაონი დიდ ჯამს წყლით აავსებდა და შიგ უშვებდა ციცქნა გემებს, რომლებშიც თოჯინებს სვამდა. მერე შეულოცავდა და გემები, თოჯინებითურთ, ჩაძირვას იწყებდნენ, ხოლო ეგვიპტელთა არმია ნამდვილ საზღვაო ბრძოლაში იმარჯვებდა. ერთხელ მზვერავებმა აუწყეს სპარსელები ახალ შემოტევას ამზადებენო. ფარაონმა გაიცინა და თავის „ლაბორატორიაში“ შევიდა. მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან გემები და კარისკაცები რომლებიც მტრის ფლოტს განასახიერებდნენ, არ იძირებოდნენ. ბანქოსა და საიდუმლო ნიშნების დახმარებით მიხვდა, ღმერთების ნებით, სპარსელებმა ეგვიპტე უნდა დაიპყრონო. ნეხტანებო ბედს დაემორჩილა, ბნელი ოთხიდან ფარულად გამოვიდა, უბრალო კაბა ჩაიცვა, ქალაქი ჩუმად დატოვა და პელას მიაშურა. იმ დროს ალექსანდრე 13 წლისა იყო. ნეხტანებო სასახლეში ეგვიპტელი ექომის სახელით დასახლდა და სულ მალე არისტოტელეს დაუმეგობრდა. არისტოტელე ჭაბუკ ალექსანდრეს სხვადასხვა მეცნიერებას აზიარებდა, ნეხტანებო კი მაგიას ასწავლიდა. პირველი ბრძოლის წინ ფარაონმა ვაჟიშვილს თავისი წმინდა ყუთი გადასცა და აუხსნა, როგორ უნდა მოეხმარა. ალექსანდრეს საოცრად უმართლებდა, ბრძოლებიდან გამარჯვებული გამოდიოდა. ყუთი მეფეს ყოველთვის და ყველგან თან დაჰქონდა და მაზე ხელს არავის არ აკარებინებდა. მისი პირველი გამარჯვება იყო სპარსელთაგან ეგვიპტის გათავისუფლება. ეგვიპტელებმა ის გულში ჩაიკრეს და როგორც ეგვიპტის მეფეთა მემკვიდრე ფარაონად გამოაცხადეს. ისტორია ამაში ნეხტანებოს მონაწილეობაზე არაფერს ამბობს, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რა დიდი სიყვარულით შეხვდა ჭაბუკს კონსერვატორული ეგვიპტე, ნათელი ხდება, რომ ალექსანდრეს ნამდვილი წარმომავლობა ცნობილი იყო. ეს უდიდესი მხედართმთავარი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოყენებული ლიტერატურა-ინტერნეტრესურსები XI ბ კლასი,ლია ბუჩუკური
ვისთან სასიყვარულო კავშირის გამო მოაჭრა ლევან დადიანმა საკუთარ მეუღლეს ცხვირი მეჩვიდმეტე საუკუნის დასავლეთ საქართველოს ისტორიაში ოდიშის მთავარს ლევან მეორე დადიანს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი მმართველობის დროს ოდიშის, ანუ სამეგრელოს სამთავრომ თავისი განვითარებისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტს მიაღწია. ისტორიკოსების ნაწინი ლევან მეორეს ერთი მხრივ საინტერესო პიროვნებად, მეორე მხრივ კი ერთ-ერთ ტიპურ სეპარატისტად მიიჩნევს. – ლევან დადიანი ერთი მხრივ საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო, მეორე მხრივ კი, თავისი ზნეობითა და მენტალობით, თავისი ეპოქის შვილი. დადიანი ჭკვიანი მთავარი იყო, მზრუნველი საკუთარი სამთავროსი, მაგრამ იგი მოკლებული იყო საერთო ქართულ ცნობიერებას. მეტიც, ლევან მეორე ტიპური სეპარატისტი გახდა, რომელიც თავისი კუთხის განდიდებისკენ მიისწრაფოდა, დანარჩენ ქართულ კუთხეებს კი მოწინააღმდეგეებად აღიქვამდა და არბევდა. ევროპელი მისიონერები მას დადებითად ახასიათებენ. კათოლიკე მისიონერი დონ არქანჯელო ლამბერტი ლევან დადიანის შესახებ წერდა: „მისი საქმეები ცხადად გვიჩვენებენ, რომ ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყანაში რომ აღზრდილიყო და ჩვენი საუკეთესო მასწავლებლებისაგან სწავლა-განათლება მიეღო, ვერც ერთი მთავარი მას ვერ აჯობებდა. უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნებით შეუთვისებია მას მარად საქებარი ზნე-ჩვეულებები“. ამ დახასიათების პარალელურად, ჩვენამდე მოღწეულია ისეთი ფაქტებიც, რომლებიც ლევან დადიანის პიროვნებას სხვა კუთხით გვიხატავენ. ვახუშტი ბატონიშვილი გვიამბობს: „ლევან დადიანი განდიდდა ფრიად და ესხმოდა იმერეთს დღესასწაულებზე და იმერელნი მრავალგზის დადევნებიან მათ, მაგრამ, როდესაც ისინი დაამარცხებდნენ იმერთ, დიდძალ ტყვეებს წაიყვანდნენ, რომლეთაც დაახსნევინებდნენ თავს ფულით და ამის შემდეგ დამკვიდრდა დაუფარავად ტყვის სყიდვა“. როგორც ვხედავთ, ქართველი მოღვაწეები საქართველოში ტყვეებით ვაჭრობის საშინელი სენის დამკვიდრებას ლევან მეორეს მიაწერენ, თუმცა ადამიანებით ვაჭრობას ამ დროს ის მასშტაბები არ ჰქონდა მიღებული, რასაც მოგვიანებით, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსთვის მიაღწია, მაგრამ თავად ფაქტი ბევრის მეტყველია. – ლევან დადიანი დაიბადა მეთექვსმეტე საუკუნუს 90-იან წლებში მანუჩარ დადიანის ოჯახში. დედამისი, ნესტან-დარეჯანი, იყო კახეთის მეფის, ალექსანდრე მეორის ქალიშვილი, ანუ ერთის მხრივ – იგი არის ოდიშის მთავარი და მეორეს მხრივ ბაგრატიონთა შთამომავალიც. მას დედა ადრე გარდაეცვალა, რის შემდეგაც ალექსანდრე კახთა მეფემ სთხოვა მანუჩარ დადიანს, ლევანი კახეთში გაეგზავნა. გარკვეული ხნის განმავლობაში ლევან დადიანი კახეთში იზრდებოდა. ალექსანდრე მეორე გამოირჩეოდა თავისი გამჭრიახი პოლიტიკით, აღმშენებლობით. შვილიშვილიც ბევრ რამეში დაემსგავსა პაპამისს. 1611 წელს უეცრად გარდაიცვალა მანუჩარ დადიანი – დაახლოებით ზუგდიდის მიდამოებში ნადირობის დროს, ირემს გამოკიდებული მანუჩარ დადიანისა და მისი აზნაურის ცხენები ერთმანეთს შეეჯახნენ. მთავარი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სასიკდილო სარეცელზე მყოფმა მანუჩარმა მცირეწლოვანი ლევან დადიანი გიორგი ლიპარტიანს ჩააბარა. მამის გარდაცვალების შემდეგ ოდიშის ტახტზე ადის 14 წლის ლევანი. გიორგი ლიპარტიანი იყო დადიანთა ოჯახის წევრი, ლევანის ბიძა, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში უწევდა სამეგრელოს მცირეწლოვან მთავარს რეგენტობას. ლევან დადიანი საკმაოდ მალე დაქორწინდა აფხაზთა მთავრის – სეტემან შარვაშიძის ქალიშვილზე, რომელთანაც მას დიდხანს არ მოუწია თანაცხოვრება. – შარვაშიძის ქალიშვილზე ქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ლევან დადიანს შეუყვარდა არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ბიცოლა – ბიძამისის გიორგი ლიპარტიანის მეუღლე, ახალგაზრდა ნესტან-დარეჯან ჭილაძე. მან საკუთარ ბიცოლასთან რომანი გააბა. ეს ისტორია იმას ჰგავს, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში მდარე ხარისხის უცხოურ ტელესერიალებში ვხედავთ. შეყვარებული ლევან დადიანი ცოლს განქორწინების მიზნით ღალატს სწამებს. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეს ფაქტი, დღეს რთულია გარკვევა. საქმე ისაა, რომ ლევანს ჰყავდა პირველი ვეზირი მერაბ ქორთოძე, რომელთანაც სამეგრელოს დედოფალს სასიყვარულო კავშირი დაბრალდა. განაჩენი იყო საშინელი: ღალატის გამო ლევან დადიანმა საკუთარ მეუღლეს ცხვირი მოაჭრა. რაც შეეხება დედოფლის გულისსწორს, პირველ ვეზირს, ის განდევნილ იქნა ოდიშიდან გურიაში. ამ დროისათვის გურიელი, გურიის მთავარი, ლევან დადიანის სიძე იყო. ამის შემდეგ ლევან დადიანი ამალით ეწვია ბიძამისს სალიპარტიანოში, მოსტაცა საკუთარ ბიძას მეუღლე და ცოლად დაისვა. – შარვაშიძის ცხვირმოჭრილ ასულს, ანუ დადიანის პირველ ცოლს რა ბედი ეწია?… ის ლევან დადიანმა უკანვე მიაბრუნა მამამისთან. ცოლის მიბრუნებისთანავე დადიანი დიდძალი ჯარით მიაწყდა აფხაზეთს. შერვაშიძემ გააზრებაც ვერ მოასწრო, რა ხდებოდა, იგი კავკასიის მთიანეთში გაიხიზნა. თუმცაღა, მომავალში, შეურაცხყოფილ სეტემანს არასდროს გაუშვია ხელიდან შესაძლებლობა, სამაგიერო გადაეხადა ყოფილი სიძისთვის. ის ხშირად ესხმოდა და არბევდა სამეგრელოს. ასე რომ, შემთხვევითი არაა გარკვეული კავშირი აფხაზთა მთავრისა იმ შეთქმულებაში, რომელიც ლევან დადიანს მოუწყვეს საკუთარმა სიძემ – სიმონ გურიელმა, მასთან ჩასულმა განდევნილმა მერაბ ქორთოძემ და ვინმე აფხაზმა. – როგორ დასრულდა ეს შეთქმულება? მერაბ ქორთოძემ გურიელის ტყვეობაში ყოფნისას მოახერხა, რომ გურიელი გადაებირებინა. რაც იცოდა თუ არ იცოდა, ყველაფერი „გაუმხილა“ მას. ამ პერიოდისთვის გურია, ფაქტობრივად, სამეგრელოს პროტექტორატის ქვეშ იყო მოქცეული. მას რეალურად ოდიშის მმართველი განაგებდა. იმავდროულად, გურია შედიოდა იმ კოალიციაში, რომელიც თავის დროზე ლევანის მიერ იყო შექმნილი იმერეთის მეფის – გიორგი მესამის წინააღმდეგ. რაც შეეხება შეთქმულებას, ის საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. მასში დადიანის პირადი მეღვინეც იყო ჩართული. ოდიშის მთავრის კარზე ფარულად ჩავიდა მკვლელიც, თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ – ქილერი, ვინმე აფხაზი. ოდიშის მთავარს ჰქონდა ჩვეულება – ტრაპეზის დროს ერთსა და იმავე ადგილას ჯდებოდა. გეგმის მიხედვით, სწორედ ამ დროს უნდა მომხდარიყო თავდასხმა. მართლაც, დათქმულ დროს, მეღვინის ნიშანზე აფხაზმა დადიანს სკამის ზურგიდან მახვილი აძგერა, რომელიც მკერდის მხარეს უნდა გამოსულიყო. დადიანი საკმაოდ სწრაფი კაცი იყო: როგორც კი მახვილის წვერი იგრძნო ზურგზე, მაშინვე მაგიდაზე გადაემხო და, შედეგად, მხოლოდ კანის ზედაპირი დაუშავდა. ლევან დადიანმა გამოძიება დაიწყო თავისი მკვლელობის გამოსააშკარავებლად და გაარკვია, რომ შეთქმულებასთან კავშირში იყო მისი ძმა – იესე. ლევანმა მას თვალები დასთხარა და ქონება ჩამოართვა. ამის შემდეგ, სასტიკი რეპრესიები განახორციელა, მათ შორის, ხელთ ჩაიგდო საკუთარი ვეზირი მერაბ ქორთოძე და საშინელი სასჯელი მიუსაჯა: ის ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი ზარბაზნიდან გაისროლეს. – მერაბ ქორთოძის დასჯის შემდეგ ლევან დადიანმა გურიაზე გაილაშქრა და გურიელი ლანჩხუთთან დაამარცხა. მან დამარცხებულს თვალები დასთხარა და მის მაგივრად სხვა დასვა გურიის ტახტზე. ასეთი იყო ლევან დადიანის სისხლით ნაწერი ისტორია. რომლის პოლიტიკის ამოსავალი ფეოდალიზმია. იმისათვის, რომ დადიანი კიდევ უფრო გაძლიერებულიყო და დასავლეთ საქართველოში დომინანტის სტატუსი მოეპოვებინა, საკუთარი და, გურიელის ცოლყოფილი – მარიამი, ცოლად შერთო როსტომ ხანს – ქართლის მმართველს. ამით მან ძლიერი ქართლის სამეფო მოკავშირედ გაიხადა. შესაბამისად, იმერეთი უკვე ორი მოკავშირით იქნა გარშემორტყმული. ასე გახდა ლევან დადიანი დასავლეთ საქართველოში ლიდერი. ის ყველაფერს აკეთებდა სამეგრელოს განსავითარებლად. – რა ნაბიჯები გადადგა მან ამ მიზნით? ლევან დადიანმა ებრაელები სპეციალურად ჩაასახლა რუხში, რითაც შექმნა იმის პირობები, რომ ვაჭრობა განვითარებულიყო. არსებობს მისი მრავალი წერილი, რომის პაპისადმი მიწერილი, სადაც ის სთხოვს მისიონერების ოდიშში გამოგზავნას. ლევან დადიანი ცდილობდა, ოდიშში ზარბაზნის მცოდნეები მოეწვია, რათა სამეგრელოში ზარბაზნის ჩამოსხმა შეესწავლათ და დაეწყოთ. მან მაქსიმალურად შეწყვიტა ოსმალებთან ტყვეებით ვაჭრობა. სამეგრელოს მთავარი საკმაოდ დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდა თურქეთისა და ირანის წინააღმდეგაც. ის კარგ ურთიერთობაში იმყოფებოდა შაჰ-აბასთან, რომელმაც იგი მიიწვია კიდეც თავისთან ერევანში და შეთავაზა, რომ მის მხარეზე ჩართულიყო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რაზეც დადიანმა უარი შეუთვალა. ასევე კარგ ურთიერთობაში იმყოფებოდა ლევან დადიანი ხონთქართან – თურქეთის სულთანთან. ევროპელ მისიონერ, არქანჯელო ლამბერტის საინტერესო ისტორია აქვს შემონახული. როდესაც თურქეთის ელჩები მოდიოდნენ ოდიშში, დადიანი საზღვართან კაცს ახვედრებდა (ეს იყო გათვალისწინებული დიპლომატიური ეტიკეტით). საზღვრიდან, ვიდრე მთავრის სახლამდე, ელჩებს საშინელი, ჭაობიანი გზით ატარებდნენ, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩავიდოდნენ სასახლეში. ღამეს ათენებინებდნენ სახლში, სადაც წვიმა ჩამოდიოდა, საჭმელად საშინელ საკვებს, ხოლო ღვინოდ მდარე ხარისხის სასმელს მიართმევდნენ. მთავრის კარზე მისულ ელჩებს ეგონათ, იქ მაინც გაუმასპინძლდებოდნენ სათანადოდ, მაგრამ დადიანი ღარიბულად ჩაცმული ეგებებოდა მათ და საკმაოდ ხელმოკლედ გაშლილ სუფრას ახვედრებდა. ასე არწმუნებდა ელჩებს, რომ მისი სამთავრო ღარიბი იყო. წარმოიდგინეთ, რა მოხსენებას წარუდგენდნენ ასეთ პირობებში ნამყოფი ელჩები სულთანს. ამით ანეიტრალებდა ლევან დადიანი თურქების ინტერესს ოდიშის სამთავროს მიმართ. ეს იყო მისი დიპლომატიური ხრიკი. ყველაფრის მიუხედავად, ლევან დადიანს მაინც ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა. – რა თქმა უნდა, ტრაგედიაა ლევან დადიანის ქორწინება ნესტან-დარეჯანზე. იგი სიყვარულმა ისე დააბრმავა, რომ საკუთარი ბიცოლა გაიხადა გულისსწორად. მათ ორი ვაჟი შეეძინათ, რომელთაგან ერთი მათგანი, ალექსანდრე, ავადმყოფი იყო, ხოლო მეორე – მანუჩარ დადიანი – იზრდებოდა, როგორც მომავალი მთავარი. თუმცა, ერთ დღეს ის მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ ტრაგედიით გამწარებულმა ლევან დადიანმა თავზე ლახტი გადაირტყა. საბოლოოდ, ამ ტრავმის შედეგად, სამეგრელოს მთავარი გარდაიცვალა. ლევან დადიანი დაკრძალეს წალენჯიხის ტაძარში. გამოყენებული ლიტერატურა-ინტერნეტრესურსები XI ბ კლასი,აკაკი უტიაშვილი
რუსეთის მრისხანე იმპერატორის ქართული წარმომავლობა სურათზე-პეტრე Iდა ერეკლე I დიდი ხანია, გრძელდება მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო რუსეთის იმპერატორის პეტრე დიდის მამა. ჭორის დონეზე გავრცელებულმა ინფორმაციამ თანდათან პუბლიცისტიკაში და ისტორიოგრაფიაშიც გადაინაცვლა. ვინ იყო პეტრეს ნამდვილი მამა, ეს საიდუმლო საფლავში წაიღო თან მისმა დედამ, ნატალია ნარიშკინამ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ამჟამად ცნობილი ფაქტების ანალიზის საფუძველზე, გამოვთქვათ ვარაუდი ზემოხსენებულ საკითხზე. – მიჩნეული იყო, რომ ვერსია პეტრე პირველის ქართული წარმომავლობის შესახებ შექმნეს ქართველებმა. ყოველ შემთხვევაში რუსებს დღესაც ასე სჯერათ. სინამდვილეში, ეს ვერსია, რუსული წყაროებიდან იღებს სათავეს. 1689 წელს რუსეთის ისტორიაში მოხდა გაუგონარი ამბავი. იმ ხანად, რუსეთში, მეფის საყრდენ ძალას წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული სტრელცების (მსროლელთა) ჯარი. სტრელცებს ევალებოდათ მეფის დაცვა, ისინი ძირითადად, დედაქალაქში, მოსკოვში იყვნენ განლაგებულნი. სრულიად მოულოდნელად, 1689 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, სტრელცები მოსკოვიდან აიყარნენ და დედაქალაქის მახლობელ სოფელში მყოფი პეტრე პირველის მოსაკლავად გაემართნენ. დიდხანს აუხსნელი იყო, თუ ასე რამ გააბოროტა მეფის მიმართ სტრელცები. პეტრე სიკვდილს გადაურჩა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სტრელცებთან 7 აგვისტოს საღამოს მივიდა პეტრეს ნახევარდა, მეფე ალექსის ქალიშვილი პირველი ცოლისგან – სოფიო და აუწყა მათ, რომ რუსეთის ტახტზე ავიდა არა მამამისის, მეფე ალექსი მიხეილის ძის კანონიერი შვილი, არამედ ქართველი ბატონიშვილის, ნიკოლოზისა და მეფე ალექსი მეორის ცოლის, ნატალია ნარიშკინას უკანონო შვილი – პეტრე. სოფიო ტახტისათვის იბრძოდა, მაგრამ ქალი ტახტზე ვერ ავიდოდა, სანამ ვაჟი მემკვიდრე, ანუ პეტრე ცოცხალი იყო. კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად სოფიოს სამეფო ოჯახისათვის მეტად სამარცხვინო საიდუმლო საქვეყნოდ უნდა გამოეცხადებინა, რადგან მითქმა-მოთქმით და ჭორებით პეტრეს ვერ ჩამოიცილებდა. – რომელ ქართველ ბატონიშვილს გულისხმობდა პეტრეს ნამდვილ მამად სოფიო? ის, ვისაც რუსული წყაროები, ქართველ ბატონიშვილ ნიკოლოზად მოიხსენიებენ, იყო კახეთის მეფის, თეიმურაზ პირველის ვაჟის, დავითის შვილი – ერეკლე (შემდგომში ჯერ ქართლის, ხოლო შემდეგ, კახეთის მეფე ერეკლე, ხოლო მოგვიანებით შაჰის გვარდიის სარდალი – ერეკლე პირველი ნაზარალი-ხანი). ბატონიშვილი ერეკლე, ბაბუამ, თეიმურაზ პირველმა, რუსეთის მეფის კარზე გაგზავნა, სადაც მან 20 წელი დაჰყო. იგი ახლო ურთიერთობაში იყო მეფე ალექსი მიხეილის ძესთან და საერთოდ, რუსულ არისტოკრატიასთან. მოხდენილი გარეგნობის ქართველი ბატონიშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუს ქალბატონთა შორის. მან მეფე ალექსის მეორე ცოლი, დედოფალი ნატალია ნარიშკინა გაიცნო, მანამ, სანამ ნატალია მეფის კანონიერი თანამეცხედრე გახდებოდა. ნატალია ნარიშკინა იზრდებოდა თავისი ნათესავის, გავლენიანი თავადის, არტამონ მატვეევის ოჯახში. იმ დროს, როცა ნატალია და ერეკლე ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ცხადია, ვერავინ იფიქრებდა, რომ ნატალია რუსეთის დედოფალი გახდებოდა. არტამონ მატვეევი დაინტერესებულიც კი იყო, რომ მისი ნათესავი, კახეთის მეფის შთამომავალს გაჰყოლოდა ცოლად. ასე რომ, ერეკლესა და ნატალიას, ინტიმური ურთიერთობა დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენდა. – მაშ, როგორ გახდა ნატალია ნარიშკინა მეფე ალექსის კანონიერი თანამეცხედრე და რუსეთის დედოფალი? მეფე ალექსის პირველი მეუღლე იყო მარია მილოსლავსკაია. პირველი ქორწინებიდან, ალექსის ჰყავდა 5 ვაჟი და 6 ქალიშვილი. მეფის ხუთივე ძე, დაბადებიდანვე ავადმყოფები იყვნენ. ეს ავადმყოფობა მემკვიდრეობითი იყო და როგორც ჩანს გადადიოდა სისხლით. თვითონ ალექსი ძალიან კარგი პიროვნული თვისებების და ჯანმრთელი ადამიანი გახლდათ, მაგრამ როგორც ჩანს, მისი ორგანიზმი მემკვიდრეობით ავადმყოფობას მაინც ატარებდა. ავადმყოფი იყო ალექსის მამა. პირველი რომანოვი მეფე – მიხეილი. კერძოდ, მისი ავადმყოფობა გამოიხატებოდა გონებრივ სისუსტეში და გადაადგილების უნარის შეზღუდვაში. ალექსი, თითქოს მამას არ ჰგავდა, გონებრივად განვითარებული და ფიზიკურად ძლიერი იყო, ძალიან უყვარდა ნადირობა და პირადად მონაწილეობდა ომებში პოლონეთის წინააღმდეგ. დაახლოებით 40 წლის ასაკში მას ჯანმრთელობამ უმტყუნა, ერთბაშად მოტყდა და ღრმად მოხუცებულს დაემსგავსა. რაც, როგორც ჩანს, მისი მემკვიდრეობითი ავადმყოფობის შედეგი იყო. ალექსის 3 ვაჟი: დიმიტრი, ალექსი და სემიონი, მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალნენ, 2 დანარჩენი, თევდორე და ივანე მძიმე ავადმყოფები იყვნენ. მართალია, თევდორე გონებრივად განვითარებული იყო, მაგრამ სისხლძარღვების დაავადება სჭირდა და ამის გამო გადაადგილების უნარი იმდენად ჰქონდა შეზღუდული, რომ პრაქტიკულად, სასახლიდან ვერ გამოდიოდა. უფლისწული ივანე კი გონებაშეზღუდულიც იყო და სუსტი მხედველობაც ჰქონდა. 1669 წელს გარდაიცვალა მეფე ალექსის მეუღლე დედოფალი მარია. ცხადი იყო, რომ რუსეთს სამეფო ტახტზე ასაყვანად ჯანმრთელი უფლისწული არ ჰყავდა, ამიტომ უნდოდა თუ არა, ალექსის მეორედ უნდა ექორწინა. არადა, ამ დროისათვის, მეფე ფიზიკურად ძალზე დაუძლურებული იყო. ალექსიმ კარგად იცოდა – რომ ცოცხლად დარჩენილი მისი 2 ვაჟიდან, თევდორედან და ივანედან ვერც ერთი ვერ იმეფებდა, რაც დასაბამს მისცემდა ტახტისათვის ბრძოლას. მეფის კარზე მყოფმა გავლენიანმა ბოიარებმა, ის დაარწმუნეს, რომ უნდა ექორწინა, რადგან ქვეყანას, ჯანმრთელი უფლისწული სჭირდებოდა. მეფე როგორც ჩანს, მაინც ყოყმანობდა, მაგრამ მეორედ დაქორწინდა. ნატალია ნარიშკინა მეფეს გააცნეს თავად არტამონ მატვეევის ოჯახში. – რატომ გაჩნდა ეჭვი, იმის თაობაზე, რომ პეტრე დიდის მამა არ იყო მეფე ალექსი? მეფე ალექსიმ და ნატალია ნარიშკინამ იქორწინეს 1671 წლის 22 იანვარს, ხოლო პეტრე პირველი დაიბადა 1672 წლის 30 მაისს. ქორწინების დროისათვის, როგორც აღვნიშნეთ, მეფე ალექსი ფიზიკურად დაუძლურებული იყო, თუმცა ასაკი დიდი არ ჰქონდა – მხოლოდ 42 წლისა გახლდათ, ხოლო დედოფალი ნატალია ნარიშკინა 20 წლის ჯან-ღონით სავსე ლამაზი ქალი იყო. ერთ-ერთ სანდო, რუსულ წყაროში, დაცულია ცნობა, რომელიც იუწყება შემდეგს: სამეფო კარზე მყოფმა გავლენიანმა ბოიარებმა, კარგად იცოდნენ, რომ მეფე შვილს ვეღარ გააჩენდა და არ იყო არავითარი გარანტია იმისა, რომ თუ გააჩენდა, ისიც ისეთივე ავადმყოფი არ იქნებოდა, როგორიც ალექსის 5 ვაჟი. არადა, მეფე ალექსი, შეიძლებოდა, ძალიან მალე გარდაცვლილიყო (მეფე ალექსი ქორწინებიდან მეექვსე წელს გარდაიცვალა). შეშფოთებული ბოიარები იძულებული გამხდარან, ეღიარებინათ: მეფე ალექსი შვილს ვერ გააჩენს, მაგრამ შვილის გაჩენა შეუძლია ქართველ ბატონიშვილ ნიკოლოზს, როგორც ისინი უწოდებდნენ ერეკლე ბატონიშვილს. ბოიარებისთვის, ხომ კარგად იყო ცნობილი ნატალიასა და ერეკლეს ინტიმური ურთიერთობა. მეფე ალექსისა და ნატალიას ქორწილზე, ულამაზესი ბატონიშვილი ერეკლე, ქორწილის მესტუმრე იყო, ანუ საპატიო სტუმრების მიღება მას ევალებოდა. ეს მოვალეობა, ალექსიმ მეგობრული ურთიერთობის გამო დააკისრა ერეკლეს. – ნუთუ, სასახლის კარზე ყურადღებას არ აქცევდნენ იმას, რომ რუსეთის დედოფალს, ნატალიას, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ბატონიშვილთან? ცხადია, აქცევდნენ, მაგრამ ბოიარები გარკვეულ დრომდე ითმენდნენ. ერთ მშვენიერ დღეს კი ბატონიშვილი ერეკლე ცივად გამოისტუმრეს მოსკოვიდან. როგორც ჩანს, რუსების თავმოყვარეობა ზომაზე მეტად შეილახა. ერეკლეს მოსკოვიდან გამოძევებიდან ერთი წლის შემდეგ, მეფე ალექსიც გარდაიცვალა. იცოდა თუ არა პეტრე პირველმა თავისი წარმომავლობის შესახებ,ძნელი სათქმელია, დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ პეტრემ ჭორის დონეზე მაინც იცოდა, თუ ვინ იყო მისი ნამდვილი მამა. აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა, მოსკოვში ერთ-ერთ საარქივო საქმეში, სრულიად მოულოდნელად მიაკვლია ნატალია ნარიშკინას მიმოწერას ბატონიშვილ ერეკლესთან, როცა ერეკლე ჯერ კიდევ მოსკოვში იმყოფებოდა. ამ წერილებში, ნატალია, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ჯერ კიდევ ყრმა პეტრეს, მისსა და ერეკლეს შვილად მოიხსენიებს (ამ წერილების ასავალ-დასავალი დღეს ჩვენთვის უცნობია). ნატალია ნარიშკინა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მორწმუნე ადამიანი იქნებოდა. მართალია, უკანონო შვილის გაჩენით, მას დიდი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ როგორც მორწმუნე, თუ მანამდე არა, სიკვდილის წინ მაინც მოვალე იყო მოძღვრის წინაშე, აღსარებაში ჩადენილი ცოდვა მოენანიებინა და შვილისათვის ეთქვა, თუ ვინ იყო მისი ნამდვილი მამა. აღასრულა თუ არა ნატალიამ მორწმუნის ვალი, არავინ იცის. რაც შეეხება პეტრე პირველს, მას საქართველოს მიმართ სიყვარული არ გამოუმჟღავნებია, პირიქით, ქართლის მეფეს, ვახტანგ მეექვსეს, უღალატა კიდეც. სამაგიეროდ, პეტრე ძმასავით ეპყრობოდა ქართველ ბატონიშვილს ალექსანდრეს, რომელსაც რუსეთის არტილერიის უფროსობა უბოძა და დიდი ფულიც გაიღო იმისათვის, რომ ალქსანდრე შვედების ტყვეობიდან გამოეხსნა. არსებობს, არცთუ მთლად სანდო წყარო, იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ შეთქმული ბოიარების გასამართლებისას, პეტრემ აღნიშნა, რომ იგი ძირძველი დინასტიის შთამომავალი იყო. რომელ დინასტიას გულისხმობდა, პეტრეს არ დაუზუსტებია, მაგრამ ცნობილია, რომ რომანოვები იმ დროს ძირძველ დინასტიად ვერ ჩაითვლებოდნენ, რადგან პირველი რომანოვი, ტახტზე მხოლოდ 1613 წელს ავიდა. გამოყენებული ლიტერატურა: ინტერნეტრესურსები XI ბ კლასი,ქეთი მაჩაიძე

четверг, 5 июня 2014 г.

                         საფრანგეთის რევოლუცია IX კლასის მოსწავლე რუსუდან პაპიძე



მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებული მარკა-VIII კლასის მოსწავლეები მარიამ მახარაძე და სოფიკო ხახვიაშვილი


                                            დიდგორის ბრძოლა-XI კლასი-დოდაშვილი